2015 წლის სექტემბერში ზემო იმერეთის , ჭიათურის მუნიციპალიტეტის , სოფელ ზოდის საჯარო სკოლას დაარსებიდან 140 წლისთავი შეუსრულდა.სოფელი ზოდი ერთ -ერთი პირველი სოფელი იყო, სადაც დაწყებითი სკოლა დაარსდა. დაარსების დღიდან სკოლამ უდიდესი როლი შეასრულა არა მარტო საკუთრივ ზოდის ,არამედ მეზობელი სოფლების ახალგაზრდების სწავლა-განათლებისა და აღზრდის საქმეში.
სკოლის იუბილესათვის მზადება გასული სასწავლო წლიდან დაიწყო. შეიქმნა საიუბილეო კომისია, რომელშიც გაერთიანდნენ პედაგოგები, მშობლები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ყოფილი კურსდამთავრებულები. აღნიშნული კუთხით მრავალი საინტერესო შეხვედრა და ღონისძიება ჩატარდა მთელი სასწავლო წლის განმავლობაში.
2015 წლის ზაფხულში გამოიცა ბროშურა „სკოლის ისტორია“ ლიბერთი ბანკის დაფინანსებით. დასკვნითი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა სკოლაში 30 ოქტომბერს. სკოლის ეზო და ფოიე სტუმრებს ვერ იტევდა. ღონისძიება გახსნა სკოლის დირექტორმა: ნონა ყაველაშვილმა, მან ისაუბრა სკოლის ისტორიაზე, ტრადიციებზე და მიღწევებზე რომელიც სკოლას წლების განმავლობაში დაუგროვდა. სკოლას მიესალმნენ მოწვეული სტუმრები: პენსიონერი პედაგოგები ლილი დეკანოიძე, ლილი სამხარაძე, მერი ახვლედიანი,ლეილა გამყრელიძე, ნარგიზა გამყრელიძე. ყოფილი კურსდამთავრებულები და ამჟამად წარმატებული ადამიანები: გელა ბოყოველი, ნანა ბურძენიძე , თეონა სხირტლაძე. მოწვეული სტუმრები: ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი სულხან მახათაძე, რაიონის დეპუტატი ბატონი მალხაზ წერეთელი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელი ბატონი ჯამბულ ყიფშიძე, მასწავლებელთა თავისუფალი პროფკავშირის რაიონული წარმომადგენელი ქალბატონი დალი სამხარაძე, სოფლის დეპუტატი და სკოლის ყოფილი კურსდამთავრებული ირაკლი მერმანიშვილი, სოფელ ზოდის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოძღვარი მამა გიორგი გოგოლაშვილი და მამა ზოსიმე ყაველაშვილი. დასასრულს სოფელ ზოდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მხატვრულ-შემოქმედებითი კომპოზიცია, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ვფიქრობთ ჩვენი სკოლის ისტორია საინტერესოა და დიდი სურვილი გვაქვს გავაცნოთ ის ფართო საზოგადოებას:
ზოგადად სკოლის არსებობა სოფელში დიდ გავლენას ახდენს, როგორც სოფლის საზოგადოების ფორმირებაზე, ასევე სოფლის წინსვლასა და განვითარებაზე. ძლიერი და წარმატებული სოფელი კი უპირობოდ ქვეყნის მომავალია, აღმასვლა. ამ მხრივ სოფელი ზოდი გამორჩეული იყო ,როგორც ერთ-ერთი პირველი სოფელი სადაც დაწყებითი სკოლა გაიხსნა, შემონახული საარქივო მასალების მიხედვით დაწყებითი ორკლასიანი სასწავლებელი სოფელ ზოდში გახსნილა 1875 წელს. სკოლის შენახვა წლიურად იმდროინდელი ფულადი კურსით 533 მანეთი ჯდებოდა. აღნიშნულ თანხას სოფლის ადგილობრივი მაცხოვრებლები იხდიდნენ. ეს ორკლასიანი სასწავლებელი იწოდებოდა ( წირქვალის სკოლად), რადგან სოფელი ზოდი შედიოდა წირქვალის თემში. სკოლა ოთხკლასიან სასწავლებლად გადაკეთდა მე-19 -20 საუკუნის მიჯნაზე. სკოლის პირველი მასწავლებელი ეროვნებით რუსი ყოფილა, კარგად სცოდნია ქართული ენაც. სკოლის შენობა თავდაპირველად განთავსებული ყოფილა იაკინთე გამყრელიძის სახლში. მომდევნო წლებში სკოლაში პედაგოგებად მოღვაწეობდნენ გორის სამასწავლებლო სემინარიის კურსდამთავრებულები: ნიკოლოზ წივწივაძე(1881-1884), ბესარიონ გაჩეჩილაძე (1884-1888), მათე წივწივაძე (1888-1890). 90 -იანი წწ.დასაწყისში ზოდის დაწყებით სკოლაში მასწავლებლობას იწყებენ ხონის სამასწავლებლო სემინარიის კურსდამთავრებულები: ნესტორ ბარაბაძე(1890-1899), გრიგოლ ბახტაძე(1899-1910), პორფილე გურული(1910-1928)წწ. ოთხკლასიანი სასწავლებელი არსებობდა სოფელ ზოდში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგაც,1927-1928 წლებში სკოლა იწოდებოდა, (შრომის სკოლის პირველისაფეხური) ოთხწლედი.1933 წლიდან კი გაიხსნა (კოლმეურნე ახალგაზრდების სკოლა)-შვიდწლედი, რომელმაც მოგვიანებით არასრული საშუალო სკოლის სახელწოდება მიიღო.
მე-20 საუკუნის 90-იან წლებამდე სოფელ ზოდის საჯარო სკოლის პიონერული ორგანიზაცია ატარებდა მეორე მსოფლიო ომში გმირულად დაღუპული გმირის სერგო ჭიღლაძის სახელს. სერგო ჭიღლაძე ზოდში დაიბადა და გაიზარდა , აქვე დაამთავრა სკოლა. ის მალევე გაიწვიეს არმიაში და შემდეგ მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ფრონტზე. 1944 წლის 3 თებერვალს ბელორუსიის სსრ სვეტლოგორსკის რაიონის სოფელ დუბროვოს განთავისუფლებისათვის ბძროლაში დაიღუპა. სერგო ჭიღლაძეს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა.
მრავალი წლის განმავლობაში ქონდა მეგობრული ურთიერთობა დამყარებული ზოდის საშუალო სკოლას, სოფელ დუბროვოს საჯარო სკოლასთან. თითქმის ყოველ წელს ან ზოდელები ჩადიოდნენ დუბროვოში ან დუბროვოდან ჩამოდიოდნენ ზოდში.
საინტერესოა მე-20 საუკუნის 20- იან წლებში წირქვალის თემის სოფელ ზოდის დაწყებითი სკოლის ისტორია, რომელსაც (პორფილეს სკოლასაც) უწოდებდნენ.
ორსართულიანი ხის პატარა შენობა დღევანდელი ამბულატორიის შენობის ადგილას იდგა. პირველი სართული ეჭირა ერთ საკლასო ოთახს და სხვა სათავსოებს. მეორე სართული კი მეორე საკლასო ოთახს და სამასწავლებლოს. სკოლაში სულ ორი მასწავლებელი მუშაობდა: პირველ - მეორე კლასებს სოფელ წირქვალის მკვიდრი პორფილე იაგორის ძე გურული ასწავლიდა, მესამე-მეოთხე კლასებს კი ვერა დავითის ას გამყრელიძე. პორფირე გურული ავტორიტეტული პიროვნება ყოფილა მას დამთავრებული ქონია ქუთაისის სასულიერო სემინარია. ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა დაწყებით სკოლას და თან ასწავლიდა შესაბამის კლასებს. პორფილეს სკოლის კურსდამთავრებული პავლე გიორგის ძე გამყრელიძე იგონებს: (პორფილეს სკოლაში სწავლების მკაცრი რეჟიმი იყო, მასწავლებლის დიდი რიდი გვქონდა, გაკვეთილის მოუმზადებლად მისვლას მასწავლებელი არასოდეს გვპატიობდა. სწავლა ცხრა საათზე იწყებოდა, სულ ოთხი გაკვეთილი გვიტარდებოდა. მესამე-მეოთხე კლასში გვასწავლიდა ვერა დავითის ას გამყრელიძე, გარეგნობით მოხდენილი, ცისფერთვალება ქალი, მას დამთავრებული ქონდა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, კარგად იცოდა რუსული ენა. საღვთო სჯულს გვასწავლიდა საჩხერის რაიონიდან, სოფელ ჩიხიდან მღვდელი აბიათარ იაკობაშვილი.) პორფილე გურულმა ოთხკლასიან სკოლაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე 1921 წლის 25 თებერვლამდე იმუშავა. მას საკმაოდ მოხუცს დაუტოვებია სკოლა და პენსიაზე გასულა.
პორფილეს სკოლაში აღიზარდნენ ცნობილი ადამიანები: გამყრელიძე ირაკლი დავითის ძე - თბილისის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, (300- მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი) მან შემოიტანა და ხელი შეუწყო ჩაის კულტურის გავრცელებას ზოდში.
გამყრელიძე შოთა აკაკის ძე -მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, გამყრელიძე ოთარ კალენიკეს ძე-იურდიულ მეცნიერებათა დოქტორი, გამყრელიძე ფლორა ივანეს ას-ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი.
არ შეიძლება განსაკუთრებულად არ შევეხოთ 1957-70 იან წლებს, როცა სოფელ ზოდის საშუალო სკოლა ჭიათურის რაიონში ჩამოყალიბდა ერთ-ერთ ძლიერ სასწავლო-სააღმზდელო დაწესებულებად. ეს გამოიხატებოდა შეკრული და მაღალკვალიფიციური პედაგოგიური კოლექტივით. მოსწავლეთა ცოდნის მაღალი დონით, სკოლის აქტიური ჩართულობით სკოლისგარეშე და კლასგარეშე ღონისძიებებში. 1957-67 წლებში სოფელ ზოდის ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლაში შეეძლოთ სრული ზოგადი საშუალო განათლება მიეღოთ სოფლების მღვიმევის, ხალიფაურის, წირქვალის, ჭალოვანის, ხვაშითის,ზედუბნის და დარკვეთის მოსწავლეებს.
1961 წელს ბავშვთა რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით სოფელ ზოდში აშენდა სამსართულიანი კაპიტალური შენობა, გათვლილი 440 ბავშვზე. სკოლას საშუალება მიეცა მოეწყო კლასკაბინეტები შემდეგ საგნებში: ფიზიკა, ქიმია , ბიოლოგია, გეოგრაფია, ქართული ენა და ლიტერატურა, კლასკაბინეტების გახსნამ კიდევ უფრო ეფექტური გახადა სასწავლო პროცესი და ამაღლდა სწავლების დონე, ამის დასტურია აღნიშნულ პერიოდში ზოდის საშუალო სკოლის მოსწავლეების მიღწევები საგნობრივ ოლიმპიადებში და რესპუბლიკურ კონფერენციებში, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო საგნებში მაღალი შეფასებები და უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული მოსწავლეების მაღალი მაჩვენებელი. რაც ყველაზე მთავარია ყოველწლიურად იზრდებოდა მოსწავლეთა რაოდენობა, იმდროინდელი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით: 1959-60 სასწავლო წელში 383 მოსწავლე მეცადინეობდა 15 კლასში, 1961-62 სასწავლო წელს 430 მოსწავლე მეცადინეობდა 17 კლასში. ხოლო 1965-66 სასწავლო წელს 555 მოსწავლე მეცადინეობდა 21 კლასში. ამავე სასწავლო წელს სკოლამ 26 კურსდასმთავრებული გამოუშვა, ხოლო 1966-67 სასწავლო წელს მხოლოდ მე-10-11 კლასებში 85 მოსწავლე ირიცხებოდა.
1989 წელს სკოლის სამსართულიან კორპუსს მიუშენდა ახალი ,ასევე სამსართულიანი კორპუსი გათვლი 440 ბავშვზე. სკოლა აღჭურვილი იყო გათბობის სისტემით და იმ დროისათვის საუკეთესო კაბინეტ-ლაბორატორიებით. მაგრამ სამწუხაროდ 1991 წელს რაჭა-იმერეთში მომხდარი მიწისძვრს შედეგად მიშენებული ახალი კორპუსი მთლიანად დაინგრა. ნანგრევები დღესაც დიდ პრობლემას წარმოადგენს ჩვენი ბავშვებისთვის და პერსონალისათვის. წლებია შესაბამისი სახელისუფლებო ორგანოების მიმართ ვითხოვთ ნანგრევებისგან სკოლის ტერიტორიის გასუფთავებას.
დღეს დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის გზაზე, განათლების სისტემის წინაშე მთელი სიმწვავით დადგა პირველი რიგის ამოცანა – თანამედროვე მოქალაქის ფორმირებისა,რომელიც აღჭურვილი იქნება ცოდნის სასურველი დონით, ეროვნული ცნობიერებით და იმ უნარ – ჩვევებით, რომელიც აუცილებელია სხვადასხვა მასშტაბის პრობლემების გადასაჭრელად. ამ საქმეში პრიორიტეტი ეკუთვნის განათლების სისტემას, რომელმაც თავის თავზე აიღო ამგვარი საზოგადოების ჩამოყალიბების უმთავრესი მისია და პედაგოგიურ საზოგადოებას შესთავაზა სწავლების ახალი მეთოდები. პროფესიული განვითარებისთვის. სოფელ ზოდის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი იმთავითვე ჩაება თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სკოლის მშენებლობის საქმეში.
2015 წლის სექტემბრისთვის 25 პედაგოგიდან სერთიფიცირებულია 12 პედაგოგი , მათგან ყველა არის ჩართული მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში. ყველა პედაგოგს განვლილი აქვს ტრენინგები ( თანამედროვე სწავლების მეთოდები და ხერხები), როგორც სკოლის ბაზაზე, ასევე მასწავლებელთა სახლისა, და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული ტრენინგები. ჩვენი სკოლის პედაგოგები გამოირჩევიან რესპუბლიკურ კონფერენციებში აქტიური მონაწილეობით და სხვადასხვა პროექტებში ჩართულობით – ისტორიის მასწავლებელი ნონა ყაველაშვილს შექმნილი აქვს ელექტრონული საგანმანათლებლო თამაში, ამავე დროს არის მასწავლებელთა პირვლი და მეორე ეროვნული კონფერენციის გამარჯვებული, მეორე ეროვნული კონფერენციის გამარჯვებულია გეოგრაფიის მასწავლებელი მარინე დეკანოიძე. ჩვენი მოსწავლეები დიდ წარმატებებს აღწევენ როგორც სწავლაში ასევე სხვადასხვა კონკურსებში. საბაზო საფეხურზე ყოველწლიურად გვყავს კომპიუტერის მიღების კანდიდატები და საშუალო საფეხურზე ვერცხლისა და ოქროს მედლის კანდიდატები. 2009-2015 წლებში სკოლამ გამოუშვა 11 მედალოსანი . ოქროს მედლები დაიმსახურეს : ირაკლი სხირტლაძემ, თეონა ბოყოველმა, ნინო ბოჭორიშვილმა, დებმმა ანა და თამარ სხირტლაძეებმა ხოლო ვერცხლის მედლები დებმა : ია და ინგა ჭიღლაძეებმა, ნინო ყაველაშვილმა, ნათია ბოყოველმა, ქეთევან მერმანიშვილმა, ქეთევან ბოჭორიშვილმა. 2014 -2015 სასწ. წელს 18 კურსდამთავრებულიდან 3 მედალოსანია – ორი ოქრო და 1 ვერცხლი. საუკეთესო მოსწავლეები დები თამარ და ანნა სხირტლაძეები, რომლებმაც სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაში რესპუბლიკურ ტურში გავიდნენ და საჩუქრად მიიღეს 350 ლარიანი წიგნების ვაუჩერი და სმარტფონი.
დაარსების დღიდან, სოფელ ზოდის სკოლის კორპორაციული კულტურა იყო და იქნება სწავლების მაღალი ხარისხი, დროის მოთხოვნილების შესაბამისი, მაღალი მოქალაქეობრივი პოზიციის მატარებელი თაობების აღზრდა. ჩვენ გვჯერა და იმედი გვაქვს, რომ სოფელი ზოდი სოციალურ-ეკონომიურად კვლავ გაძლიერდება , ოჯახები კვლავ დაუბრუნდებიან სოფელს და ბავშვთა რაოდენობაც გაიზრდება.
სკოლის სასწავლო გეგმა პირდაპირ კავშირშია სკოლის სტრატეგულ გეგმასთან და მისიისაგან. სკოლაში სწავლება მიმდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტებით, რაც აისახება მოსწავლეთა მიღწევებზე. ჩვენი სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ რაიონულ და რესპუბლიკურ ოლიმპიადებში, სხვადასხვა სახის ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო პროექტებში. მოსწავლეთა სასწავლო შემოქმედებით კომფერენციებში გვყავს დიპლომებისა და სერთიფიკატების მფლობელი მოსწავლეები, ოქროს მედლის კანდიდატი, ასევე ,,ფლეკსის “პროგრამის ფინალისტი XI კლასის მოსწავლე. სკოლის მიღწევებზე მეტყველებს ყოველი სასწავლო წლის კურსდამთაბრებულთა რაოდენობა, რომლებიც როგორც გამოსაშვებ, ასევე ეროვნულ გამოცდებს წარმატებით აბარებენ და ხდებიან 50%, 70% და 100%-იან გრანტის მფლობელები. სკოლის ფინანსური რესურსები საშუალებას გვაძლევს იმფრასტრუქტურისა და სასწავლო გარემოს მოწესრიგებაში, მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაში.
|